„ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“ — დეპუტატი ამილახვარი ბავშვებისთვის დენის დარტყმაზე
„ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკის ახლაგახსნილ შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე.


ამილახვარმა თქვა, რომ რეკონსტრუქციის მიმდინარეობას ბუნებრივია „ტექნიკური შეფერხება“, რამაც შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. თუმცა რეაბილიტირებული შადრევანი, სადაც ბავშვებს დენმა დაარტყათ, იქვე მდებარე მცირე კასკადთან ერთად,
წინა დღეს, 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა. ძირითადი კასკადის რეაბილატია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


სქრინი თბილისის მერიის ვებგვერდიდან

„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ. ჩაუვარდა ბურთი. ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი. არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და გამოიწვიოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს — არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას თხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად? [უსაფრთხოების ზომები] ცხადია, უნდა იყოს“, — მიმართა ამილახვარმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტის რეპლიკის შემდეგ, რომელიც უსაფრთხოების ზომების დაუცველობას ეხებოდა, კი თქვა: „სად, როდესაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს?“

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა – დაიღუპა.

გიორგი ამილახვარის კომენტარი ჩაწერილია მანამდე, სანამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გახდებოდა ცნობილი.

კლინიკის თქმით, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია მოახერხეს და ის ახლა პედიატრიულ განყოფილებაში იმყოფება.

ვაკის პარკში, შესასვლელის სიახლოვეს, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ორი მათგანი ბურთის ამოსაღებად წყალში ჩავიდა, ხოლო როდესაც მათ დენმა დაარტყათ, მათ დასახმარებლად ჩავიდა მესამე არასრულწლოვანიც, რომელსაც ასევე დაარტყა დენმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები