ნინო ლომჯარია: არ ვაპირებ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება, აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.

„არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, სადაც წარმომიდგენია ან მოვიაზრებ ჩემ თავს არა თუ უახლოეს მომავალში, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას. ახალგაზრდა ვარ და არ ვიცი, წლების შემდეგ რა იქნება, თუმცა
მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ნამდვილად ვაპირებ, დავრჩე აქტიურ მოქალაქედ, უფლებადამცველად და ვიმუშაო საკითხებზე, რაც მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო დეტალურად უფრო მოგვიანებით მეცოდინება მე თვითონაც, სად ვიქნები, რას გავაკეთებ და ამაზე საზოგადოებასაც მივაწვდი ინფორმაციას“,
- თქვა ლომჯარიამ „პალიტრანიუსის" ეთერში.

ბოლო დღეებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა, პარლამენტი მიმდინარე კვირაში 19-ვე კანდიდატს მოუსმენს.

სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები