NDI საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას იწყებს
19 თებერვლიდან ხუთი დღის განმავლობაში NDI-ის დელეგაცია საქართველოში შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ამით აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.

როგორც NDI საქართველოს ოფისი აღნიშნავს, დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია მიმოიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა:

საარჩევნო ადმინისტრაცია;

მოქალაქეთა ჩართულობა;

გენდერი და ინკლუზიის თემები;

პოლიტიკური პარტიები;

კამპანიის პროცესი.

შეხვედრები NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის პირველ ფაზას წარმოადგენს. შეხვედრებს გაუძღვებიან: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუჟა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. შეხვედრებს ასევე დაესწრება ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.

„მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით. ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს", - აცხადებს NDI საქართველოს ოფისი.

შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს (ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს). სადამკვირვებლო მისია მოიცავს დამატებით, მეორე წინასაარჩევნო დელეგაციის ვიზიტს, გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფისა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციის მუშაობას.

საქართველოში NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები