„წარმოუდგენელია ეს ყველაფერი“ – კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა “პოლიტიკურად მიკერძოებულია და სამართლებრივ დასაბუთებას” არ შეიცავს.

ამის შესახებ მან დღეს, 22 მაისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის
კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები. გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანა.

ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა. თურმე, ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა გაჯერებულია მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა, არანაირი შინაარსობრივი განხილვა არ ყოფილა“,
– განაცხადა კალაძემ.

ვენეციის კომისიამ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონზე რეკომენდაციები 21 მაისს გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მისი ამ ფორმით არმიღებისა და გაწვევისკენ მოუწოდა.

ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

ვენეციის კომისიის დასკვნით, აღნიშნული კანონი მსგავსია რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში სხვადასხვა დროს მიღებული „უცხოეთის აგენტების“ კანონებისა. აგრეთვე, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის“ მუხლებს, რაც გულისხმობს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, პირადი ცხოვრების უფლებას და სხვა უფლებებს.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები