ოფშორების კანონი ძალაში შევიდა | კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწერა
„ოფშორების კანონი” ძალაში შევიდა. რუსული კანონის მსგავსად ხელი მასაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

პარლამენტმა „ოფშორის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 29 მაისს დაძლია, კანონის პირვანდელ ვერსიას ხელახლა უყარა კენჭი და საბოლოოდ მიიღო. კანონს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის მიღებული კანონის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს დაემატა ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.

საუბარია ისეთ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც გავრცელდება აქტივებზე, რომელიც „დღეს ოფშორულ კომპანიაშია თავმოყრილი და გადმოეცემა იმავე ოფშორის მფლობელი ფიზიკური პირის კონტროლქვეშ არსებულ ქართულ კომპანიას”.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა კანონიდან მთლიანად ამოიღო პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ.
ოფშორი) რეგისტრირებული აქტივები, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.

გარდა ოფშორის საკითხისა, კანონპროექტი ასევე შეეხებოდა საგადასახადო ამნისტიას, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში უცვლელადაა გადატანილი.

საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებულად, 17 და 18 აპრილს განიხილა და 19 აპრილს მიიღო. პრეზიდენტმა კანონს ვეტო 3 მაისს დაადო.

ოპოზიცია ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, შესაძლებელია, ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს, თუმცა ეს ასევე გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკს.

„რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ხშირად იყენებენ ოფშორული კომპანიების პრაქტიკას და არსებული საკანონმდებლო ცვლილებით, მათაც მიეცემათ საშუალება თავიანთი აქტივები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით გადმოიტანონ. ასევე, რადგანაც საგადასახადო შეღავათი ვრცელდება ოფშორული კომპანიის კუთვნილი საქონლის იმპორტზე, ეს ასევე შეეხება ისეთ საქონელს, რომელიც შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან – მაგალითად, მაღალი ღირებულებისა და ფუფუნების საგნებს, როგორიც ხელოვნების ნიმუშებია“, – აცხადებს ორგანიზაცია.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები