პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია გზებს აღადგენს - მარნეულში სასმელი წყლის პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს
ქალაქ მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობა კვლავ გრძელდება. ამ დროისათვის გადათხრილია და სამუშაოები მიმდინარეობს ნოე ჟორდანიას ქუჩაზე (ე.წ. სახანძრო გზა), რუსთაველის ქუჩაზე მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა ადგილებში. მარნეულში წყალმომარაგების ახალი ქსელის გაყვანა 2019 წელს დაიწყო და როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, 2024 წლის ბოლომდე
დამთავრდება.

„დღეის მდგომარეობით, ეტაპობრივად, გარკვეული ლოტები დასრულებულია და მიმდინარეობს სამუშაოები. შეგვიძლია ითქვას, რომ პროგრესი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია მშენებლის მხრიდან. წლის ბოლოს არის მოსალოდნელი სრულად დასრულდეს პროექტი და 24 საათიან წყალმომარაგებაზე იყოს ქალაქი მარნეული და მიმდებარე სოფლები“. - აცხადებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გუგა კაკაბაძე

რადიო „მარნეულთან“ საუბრისასა გუგა კაკაბაძემ განაცხადა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 26 მაისს მარნეულში მომხდარმა ძლიერმა სტიქიამაც შეაფერხა, მაგრამ ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია და სამუშაოები ჩვეულ ტემპში გრძელდება.

მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს ორი, ჩინური და თურქული კომპანია ‘’China Geo - Engineering Corporation’’ (CGC) და ‘’POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei’’ აწარმოებენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მათ დაზიანებული გზის საფარის მოწყობაც ევალებათ.

„რა თქმა უნდა გათვალისწინებულია პროექტით ეგრედწოდებული ტრაშეების აღდგენა, ანუ ექსკავირებული მონაკვეთების, სადაც უშუალოდ წყალმომარაგების და წყალარინების მილების ჩაყრა ხდება - ამ მონაკვეთის აღდგენა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, შესაბამისად საჭიროებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტთან ხდება კონსულტაციების გავლა ამა თუ იმ გზასთან მიმართებაში და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სრული აღდგენაც მოხდეს დაზიანებული საფარის“. - განაცხადა გუგა კაკაბაძემ

გუგა კაკაბაძემ ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც პროექტის შესრულება დროში გაიწელა.

„2018 წელს, როდესაც პირველად მოხდა ხელშეკრულების გაფორმება უცხოურ კომპანიასთან, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაბამისად საჭირო გახდა დამატებითი პერიოდი დარჩენილი სამუშაოების ინვენტარიზაციის უზრუნველსაყოფად, ახალი შესყიდვის დასაორგანიზებლად და უკვე 2022 წლის ბოლოდან დაიწყო ახალი ხელშეკრულების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები“. - აცხადებს კაკაბაძე

წყლისა და წყალარინების პროექტის განხორციელება ქალაქ მარნეულსა და სოფლებში, 2019 წელს დაიწყო. გადაითხარა გზები, აიყარა მილები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული გზების გამო გაფუჭდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილობრივების ავტომობილები. პროექტი კომპანია „Akelik Group”-ს 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, მაგრამ კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი მარნეულში შეჩერდა.
ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური და რეზერვუარები. დამატებით მოეწყობა წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტის შედეგად, მარნეულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები