მთავრობამ გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და
უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი
საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.
როგორც მთავრობის დადგენილებიდან ირკვევა, ამ წესების დაცვა
სავალდებულო 2024 წლის 1-ლი ივლისიდან გახდება.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, გემზე დასაქმებული 18 წლამდე
მეზღვაურისთვის აკრძალულია:
- ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე
მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან
გადატანა;
- საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში
შესვლა;
- ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს
შესრულება;
- ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების
ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი
მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების
შესრულება;
- გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული
სამუშაოს შესრულება;
- სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
- არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან
გემბანზე მუშაობა;
- ღამის ცვლაში ვახტის გაწევა;
- ელექტრომოწყობილობების მომსახურება;
- პოტენციურად მავნე ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან
კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან
მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
- კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული
სამუშაოს შესრულება;
- გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან
დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.