დღე და ღამე იმეორებენ: „უკრაინელები ფაშისტები, ნაცისტები არიან, ყველა უნდა მოვკლათ“ - უკრაინელი ქალი ლუჰანსკის ოლქიდან
ალესიასთვის (სახელი შეცვლილია) რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ისტორია 2014 წლიდან იწყება, მაშინ როდესაც რუსეთი ლუჰანსკის ოლქში შეიჭრა და ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა. 2022 წლიდან რუსეთმა უკრინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და სწორედ მაშინ გადაწყვიტა ალესიამ სამშობლოს დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა.

ალესია იხსენებს ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებას, რუსების დამოკიდებულებას უკრაინელების მიმართ, დეზინფორმაციას რუსული სამთავრობო არხებიდან და მისგან გამოწვეულ ზიზღს უკრაინელების
მიმართ.

„როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობ, შენ კი შენს ქვეყანას, შენს სახელმწიფოს უჭერ მხარს, შენს ირგვლივ კი ყველა ყვირის: Сейчас мы победим. За победу, за войну… და ასე შემდეგ... არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა იმ ადგილას, საიდანაც ჩამოვედით. შეიძლება, არც კი დავბრუნდეთ.“ - ამბობს ალესია

2014 და 2022 წლის ომი უკრინაში და საქართველოში ჩამოსვლა


2014-ში, როცა ყველაფერი იწყებოდა, ბოლომდე ვერ ვიაზრებდით, რა ხდებოდა. ჩვენც არ გვესმოდა მაშინ ბოლომდე, მაგრამ 2022 წელს უკვე ყველაფერი გასაგები გახდა. ყველა, ვინც მანამდე ვერ იაზრებდა, მიხვდა, რაც ხდებოდა, ისევე, როგორც ჩვენ. იმ დროისთვის ჩვენთან უკვე აღარ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, საბრძოლო მოქმედებები ჩვენთან 2014 წელში იყო, მაშინ მთელი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს, მთლიანად ჩაგვიჭრეს ჩვენი უკრაინული ტელეარხები. მთლიანად მოგვწყვიტეს უკრაინას. იმ მომენტში, უკვე 2022 წელს, ვთქვით, რომ ყველაფერი დამთავრდა. ეს შეუქცევადობის წერტილი იყო. აღარ გვინდოდა ამ ოკუპაციის ქვეშ ყოფნა, იქ ცხოვრება და გადავწყვიტეთ საქართველოში ჩამოვსულიყავით. აქ ადრეც ვიმყოფებოდით, ძალიან მოგვეწონა, ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავდა. სადაც ადრე ვცხოვრობდით, იქ შიშის, ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით. აქ კი თავისუფალ ქვეყანაში ჩამოვედით. ალბათ კარგად გესმით, რა არის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობ, შენ კი შენს ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერ მხარს, შენს ირგვლივ კი ყვირიან: Сейчас мы победим. За победу, за войну… და ასე შემდეგ. ვერ გაგიგია, რა სჭირს ამ ხალხს და როდის გახდნენ ასეთები.


რუსული პროპაგანდა


არ ვიცი, სჯერათ თუ არა ბოლომდე. შეიძლება, ეს შიშით არის განპირობებული ან საკუთარი სარგებლით. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოვიდა და ადამიანებისთვის ასე ვთქვათ გარკვეული “კანფეტები” ანუ ბონუსები გაამზადა, რათა კეთილგანწყობა მოეპოვებიან, უკეთესობის შეგრძნება შექმნან. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათთვის ასე უკეთესი იქნება... არ ვიცი. მიჭირს საუბარი...
ძნელია იმის თქმა, თუ რა მართავს ამ ადამიანებს. პირველ რიგში, პროპაგანდა. გესმით ალბათ, რომ საუბარია ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები იმით, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები. აი რა არის მათი ცხოვრება: მუშაობენ, მოდიან სახლში, უყურებენ ტელევიზორს, ზოგიერთს 3-4 ტელევიზორი აქვს, იქ კი დღე და ღამე იმეორებენ: „უკრაინელები ფაშისტები, ნაცისტები არიან, ყველა უნდა მოვკლათ“. დილიდან საღამომდე ამ სისულელეს იმეორებენ. ადამიანს, რომელსაც კრიტიკული აზროვნება არ აქვს, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე ეგონება. განსაკუთრებით იმ ადამიანს, რომელიც არსად წასულა და არაფერი უნახავს მთელი ცხოვრება, არ ჰქონია ვინმესთან საუბარი. ჩემთვის შოკი იყო, როცა ჩემი ახლო მეგობრები, რომლებსაც 20 წელია ვიცნობ, შტერებად არ ვთვლი, რადგან განათლებულები არიან, მაგრამ ამბობდნენ: „დიახ, საჭიროა ომი, განთავისუფლება“. ჩემთვის ეს შოკისმომგვრელი იყო. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც 30 წელი უკრაინაში იცხოვრეს, ანუ ამ მოვლენების დაწყებამდე. ცუდი რა გაუკეთა უკრაინამ ამ ადამიანებს?! ცუდად ცხოვრობდნენ უკრაინაში?! მე ვერ გამიგია. ბევრი ახლობელი, მეგობარი დავკარგე, შევწყვიტე მათთან ურთიერთობა. სამაგიეროდ საქართველოში ახალი მეგობრები შევიძინე, მხარდაჭერა და თანამოაზრეები ვიპოვე.




„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები