27 მაისს იქნება კომიტეტი და 28 მაისს პლენარულ სხდომაზე დაიძლევა ვეტო – სუბარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 28 მაისს დაძველევენ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სუბარი ამბობს, პრეზიდენტის ვეტოს საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. თუმცა ამ დრომდე პარლამენტის ანონსებში დამატებული არაა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ვეტო განსახილველად სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

„27-ში [მაისს] იქნება კომიტეტი და 28-ში [მაისს] იქნება პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება ძალიან მარტივად და ძალიან სამართლიანად, რადგან არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.

დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.

მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər