არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა - დეპუტატი სავალან მირზოევი
გარდაბნის დეპუტატი სავალან მირზოევი ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესებას ეხმაურება . პარლამენტარი ფეისბუქზე ავრცელებს პოსტს, სადაც ამერიკის საპირწონედ აფხაზეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ თუ სადმე წასვლას ისურვებდა, ეს სოხუმია. მირზოევი წერს, რომ არასდროს ჰქონია ამერიკის ნახვის სურვილი და რომ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ აზერბაიჯანელს, ძალიან სურს აფხაზეთში, ილორის სალოცავის ნახვა.

"მოგესალმებით მეგობრებო!
საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი სუვერენიტეტისთვის
ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის თითოეულმა წევრმა იცოდა, რომ არანორმალური ზეწოლა იქნებოდა, რომ იქნებოდა მუქარა, იქნებოდა აქციები, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის. ის, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია, იქიდანაც ჩანს, რომ არცერთ ჩვენგანს უკან არ დაუხევია, გაუძლო და მომავალშიც გაუძლებს ყველა ზეწოლას, თუმცა...
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ღიად აანონსებენ, რომ პიროვნულ სანქციებს დაგვიწესებენ, რომ აგვეკრძალება ამერიკაში წასვლა როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ოჯახის წევრებს. სიმართლე გითხრათ, არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა,მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, ნიუ იორკში, "ლიბერტი აილენდზე", ანუ თავისუფლების კუნძულზე მდგარი თავისუფლების ქანდაკების ნახვას, ოკეანისთვის თვალის შევლებას, ბიჭვინთის სანაპიროდან შავი ზღვის ნახვა მირჩევნია, ჩემთვის თავისუფლების კუნძული და თავისუფლების მიწა სწორედ აფხაზეთი და სამაჩაბლოა.
დამისახელეთ ამერიკაში ადგილი, რომელიც რიწას შეედრება, მანახეთ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე დაყრილ ქვიშაზე უფრო თბილი და რბილი მიწა... ვერ ნახავთ, არ არსებობს.
მე, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ აზერბაიჯანელს, ძალიან მინდა აფხაზეთში, ილორის სალოცავის ნახვა, სურათებით და გადმოცემით ვიცი, რომ საოცრებაა, იმაზე დიდი საოცრება, ვიდრე სურათებში ჩანს.
ჰოდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც... აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!”
- წერს სავალან მირზოვი.

მირზოევის მსგავსად, ამერიკაზე საწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებს “ქართული ოცნების არაერთი დეპუტატი.
23 მაისს სენატორებმა შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელსაც „ქართველი ხალხის აქტი“ ეწოდება და ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც, შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას.

სავალან მირზოევი იმ დეპუტატშორისაა რომელმაც ყველა მოსმენით დაუჭირა მხარე "რუსული კანონის" მიღებას. მასთან ერთად სიაში არიან მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი და გოგი მიშველიანი.





საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსული კანონისათვის ვეტოს დადების შემდეგაც „ოცნება“ გეგმავს მაინც მიიღოს კანონი და არ აქცევს ყურადღებას ვენეციის კომისიის დასკვნას, ევროპარლამენტარების და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერების მოწოდებასა და აშშ-ს მიერ შეთავაზებულ მხარდაჭერის აქტს MEGOBARI. აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act, ანუ „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“. აქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება.

კანონით, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ცდილობს, ორგანიზაციებს ევალებათ იმ ანგარიშების ჩაბარება, რასაც ისინი უკვე წლები აბარებენ სახელმწიფოს. კანონის მთავარი მიზანი დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციებისათვის „აგენტის“ იარლიყის მიწებება და მათი სამართლებრივი შეზღუდვაა. კანონში არაა ჩამკეტი მექანიზმები - არ წერია თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფოსაგან შემოსულ დაფინანსებას შეეხება ის და არაა აღნიშნული ორგანიზაციების მიზანი - რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება კანონს ყველა ორგანიზაციაზე გაავრცელებს. მესამე მოსმენით მიღებულ კანონში ცვლილებებიც კი შევიდა, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებსაც ეხება კანონი და არა მარტო ორგანიზაციებს. სწორედ ამიტომაა კანონი რუსული, რადგან ის ატარებს რუსულ სულისკვეთებას და აშორებს საქართველოს ევროპისა და ამერიკისაგან.

რუსული კანონის ინიცირებამ გამოიწვია მოქალაქეების პროტესტი, რამაც ისინი პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციაზე, გამოიყვანა. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია - არ მიიღოს პარლამენტმა რუსული კანონი. მოქალაქეების პროტესტის მიუხედვად „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღებას და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეცვლას, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი მედიების და მოქალაქეების პროტესტი კი რუსული კანონის გაუქმებამდე არ დასრულდება.

ყდის ფოტოები: სავალან მირზოევის ფეისბუქ გვერდი
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər