ქარიშხალმა ალავერდის შიდა და გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, 25 ივნისს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

ადმინისტრაციის განცხადებით, ქარიშხლის შემდეგ მყისიერად მოხდა ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზება და დაიწყო ზარალის ოდენობის აღწერა, შემდგომი რეაგირების მიზნით.

აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსში მდგომარეობა საგანგებოა.

„დილით, დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა,
რომ მდგომარეობა საგანგებოა, არცერთი სახურავი არ არის გადარჩენილი, ყველაზე დაზიანებულია. გარდა ამისა, ქვემოდან როცა ვუყურებთ, გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან ქარბორბალას დარტყმა ძალიან ძლიერი იყო. იავარქმნილია მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობა“,
– განუცხადა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას გაეცნენ მათი წარმომადგენლებიც.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.

„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები