საქართველოში ლიდერები ბლოკავენ რეფორმებს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვისაა საჭირო – ობრაიენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი აცხადებს, რომ ლიდერები ბლოკავენ იმ რთული რეფორმების გატარებას, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლადაა საჭირო.

ამის შესახებ მან ვაშინგტონში, კონგრესში, ერთ-ერთ კომიტეტზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე განაცხადა.

ობრაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა არაერთხელ მიაწოდა საქართველოს მთავრობას მესიჯი, რომ ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, “უცხოელი აგენტის კანონი”, პორტის კონტრაქტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის, საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის გზას.

“ჩვენი დანახარჯების ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხმარდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ კონსოლიდაციის ისტორიული მოძრაობა გვქონდა. ევროკავშირს შეთავაზებები ჰქონდა ცხრა ქვეყანასთან, როგორც გარკვეული მომავლის მქონესთან ევროკავშირში. ნატოსაც ჰქონდა დისკუსიები ამ ქვეყნების კავშირში გაწევრიანების ან მათთან დაახლოების შესახებ. ასეთი ქვეყნებიდან ზოგიერთში გარკვეულ რეაქციებს ვხვდებით, მაგალითად, საქართველოში. აქ ლიდერები ბლოკავენ იმ რთული რეფორმების გატარებას, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლადაა საჭირო. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს არ გაგრძელდეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს, ძალიან აქტიური იყოს ამ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ობრაიენმა.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს.

“საქართველოს კონსტიტუციის “ქართული ოცნების” პარტიის მიერ მიღებულ რედაქციაში წერია, რომ მათ სურთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი იყვნენ. ამ კვირაში ევროკავშირმა და ჩვენც არაერთხელ, საჯაროდ თუ პირისპირ, მივაწოდეთ მესიჯი, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, “უცხოელი აგენტის კანონი”, პორტის კონტრაქტის
მინიჭება ჩინური კომპანიისთვის, საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას, რასაც საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს”,
– აღნიშნა ობრაიენმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები