რუსეთი ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვას ივლისიდან გააგრძელებს - სად აპირებს საქართველო საწვავის ყიდვას
რუსეთი ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას 1-ლი ივლისიდან ისევ აამოქმედებს და ის ძალაში 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება.

ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე საუბრობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსული ბენზინის ექსპორტის დროებით აკრძალვას.

როგორც იაკობიძე განმარტავს, საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია, შესაბამისად, რუსეთის მიერ აკრძალვის კვლავ ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საწვავის ფასებზე.

„ბოლო
განკარგულება რუსეთის მინისტრთა საბჭოს ასეთი იყო, რომ გახსნილია 1-ელ ივლისამდე. თუ ეს არ შეიცვალა, გამოვა რომ კიდევ შეიძლება შეწყდეს 1-ელი ივლისიდან რუსეთიდან საქონლის შემოტანა. ეს არასასიამოვნო ფაქტია, რადგან რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ თუ ისევ აიკრძალა შემოტანა, ის სასიკეთოდ არ იმოქმედებს ჩვენ ბაზარზე“,
- დასძინა იაკობიძემ.

მანვე განმარტა, რომ აკრძალვის გაგრძელების შემდეგ, ბენზინზე ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნება. იაკობიძის თქმით, იმპორტიორები საწვავს ევროპის ბაზრებიდან შემოიტანენ, რაც გამოიწვევს ფასების ზრდას.

„მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შეგვექმნება დეფიციტი - ასეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ეს უარყოფითად იმოქმედებს საქონლის ფასზე. იძულებული გავხდებით შემოვიტანოთ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც უფრო ძვირია და ეს გამოიწვევს ფასების გაზრდას“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

ნავთობიმპორტიორმა ისაუბრა ალტერნატიული ბაზრებზეც და აღნიშნა, რომ აკრძალვის შემდეგ საწვავის შემოტანა ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან განხორციელდება.

„ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, მცირე რაოდენობით საბერძნეთიც, ბელარუსი - ეს ქვეყნებია ის ძირითადი ალტერნატიული წყაროები მოწოდებისა იმ შემთხვევაში, როცა რუსეთიდან გართულებული და შეწყვეტილია საქონლის შემოტანა“, - განაცხადა იაკობიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 2023 წლის 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რათა საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო.

რუსეთმა აკრძალვა მეორედ 2024 წლის 1-ელ მარტს აამოქმედა. განკარგულების თანახმად, აკრძალვა ძალაში 6 თვით უნდა ყოფილიყო, თუმცა 20 მაისს კვლავ მოხსნა შეზღუდვა და 1-ელ ივლისამდე გააგრძელა.

ბოლო დადგენილებით 1-ლი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან ბენზინის აკრძალვა კვლავ მოქმედი იქნება.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები